ევროპის უნივერსიტეტმა ფორსაიტ მენეჯმენტის შესახებ გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
2017 წლის 25 ოქტომბერს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია გაიხსნა, რომლის მთავარი თემა იყო ,,ფორსაიტ-მენეჯმენტი: განათლების, მეცნიერებისა და ბიზნესის განვითარებისა და ინტეგრაციის მსოფლიოს საუკეთესო პრაქტიკა." კონფერენციაში მონაწილეთა შორის იყო ევროპის უნივერსიტეტის გლობალიზაციის ეკონომიკური და სოციალური პრობლემების კვლევების ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი გივი ბედიანაშვილი, რომელმაც მოხსენება თემაზე: „ევროკავშირის ბიზნესგარემო და ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ინსტიტუციური საფუძვლები საქართველოს კონტექსტით“ გააკეთა.
კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს: თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა თეიმურაზ ბერიძემ, ამავე უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის პროფესორმა, აკადემიკოს ვლადიმერ პაპავამ, კიევის ნაციონალური ეკონომიკის უნივერსიტეტის ეკონომიკის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსმა, მენეჯმენტის დეპარტამენტის პროფესორმა ოლგა გარაფანოვი და სხვ. ღონისძიების დასრულების შემდეგ, კონფერენციის უცხოელი მონაწილეები საქართველოს ტექნო-პარკს, თსუ-ში არსებულ ფაბლაბსა და ბლუმბერგის ლაბორატორიების საქმიანობას გაეცნენ.
ღონისძიება თსუს, ვადიმ გეტმანის სახელობის კიევის ნაციონალური უნივერსიტეტის, ხერსონის სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის, ოდესის ილია მეჩნიკოვის სახელობის ნაციონალური უნივერსიტეტის, ჩერნიგოვის ნაციონალური ტექნოლოგიური უნივერსიტეტის, ხმელნიცკის ნაციონალური უნივერსიტეტის, ხერსონის ნაციონალური ტექნიკური უნივერსიტეტის, ბელორუსიის ვაჭრობისა და ეკონომიკის უნივერსიტეტისა და კრაკოვის მეცნიერებისა და ტექნოლოგიის უნივერსიტეტის თანაორგანიზატორობით გაიმართა.