ევროპის უნივერსიტეტი მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებს MCI გამოცდისთვის მომზადებას სთავაზობს
ევროპის უნივერსიტეტმა და ორგანიზაცია - Trapezium Education Network-მა ექსკლუზიური ხელშეკრულება გააფორმეს, რომლის ფარგლებშიც მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებს MCI-ის (Medical Council of India) საკვალიფიკაციო გამოცდისთვის ევროპის უნივერსიტეტში მოწვეული ინდოელი ლექტორები მოამზადებენ. კურსზე დარეგისტრირება ნებისმიერი უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებს შეუძლიათ, რომლებიც აღნიშნული გამოცდის წარმატებით ჩაბარებასა და საექიმო საქმიანობის გაგრძელებას ინდოეთში გეგმავენ.
სასწავლო კურსი ნოემბრიდან დაიწყება. სწავლის საფასური განსხვავებულია ინდოეთის მოქალაქეებისა და სხვა ქვეყნის მოქალაქეებისთვის, ამასთან, დამოკიდებულია იმაზე, მსურველი რომელი კურსის სტუდენტია.
ინდოეთის მოქალაქეთათვის:
- მესამე კურსის სტუდენტებისთვის სწავლის საფასური 1650 აშშ დოლარია, რაც გულისხმობს ლექციების გავლას მეხუთე კურსის ჩათვლით. ამასთან, სტუდენტი აღნიშნული კურსით გათვალისწინებულ მეცადინეობებს არდადეგების დროს ინდოეთში გააგრძელებს.
- მეოთხე კურსის სტუდენტებისთვის სწავლის საფასური 1400 აშშ დოლარია, რაც ასევე გულისხმობს ლექციების გავლას მეხუთე კურსის ჩათვლით. ამ შემთხვევაშიც, სტუდენტი აღნიშნული კურსით გათვალისწინებულ მეცადინეობებს არდადეგების დროს ინდოეთში გააგრძელებს.
იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც ინდოეთის მოქალაქეები არ არიან, სასწავლო კურსის საფასური 3000 აშშ დოლარია.
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ მაკა ადვაძეს: maka.advadze@eu.edu.ge ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 2 000 171.