ევროპის უნივერსიტეტში სამართლებრივი დახმარების ცენტრის კოორდინატორის არჩევნები დაიწყო

დღეს, 2018 წლის 19 ნოემბერს, დაიწყო ევროპის უნივერსიტეტის სამართლებრივი დახმარების ცენტრის კოორდინატორის არჩევნები. არჩევნებში მონაწილეობა შუძლიათ სამართლის/საერთაშორისო სამართლის საგანმანათლებლო პროგრამის ნებისმიერი საფეხურის სტუდენტებს. არჩევნები ერთი კვირის განმავლობაში, 2018 წლის 26 ნოემბრამდე გაგრძელდება.

ხმის მისაცემად, გთხოვთ, გადახვიდეთ მითითებულ ბმულზე: https://goo.gl/tL88q6

 

გაეცანით ევროპის უნივერსიტეტის სამართლებრივი დახმარების ცენტრის კოორდინატორის კანდიდატებს:

IMG 1215
"ევროპის უნივერსიტეტის სამართლებრივი დახმარების ცენტრის კორდინატორობა ჩემთვის, როგორც მომავალი იურისტისათვის, არის ერთგვარი გამოწვევა და უნივერსიტეტისაგან მიღებული ცოდნის პრაქტიკაში რეალიზება. მაქვს საკმაო გამოცდილება ახალგაზრდულ პროექტებში მონაწილეობის, რომელიც აისახება ჩემს აკადემიურ მოსწრებაზე. წარმოდგენილ პოზიციაზე უნდა ამირჩიოთ იმიტომ, რომ მოქალაქეებისათვის სამართლებრივი დახმარების გაწევა იქნება, არა მხოლოდ ჩემი პროფესიული საქმიანობა, არამედ დიდი პასუხისმგებლობაც", - ანა ქურდაძე.

 

IMG 1233
"ჩემი არჩევის შემთხვევაში, ვიზრუნებ  თითოეული ადამიანზე, რომლის  უფლებებიც ირღვევა. ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული დავები, ძირითადად, ცალკეულ ადამიანებსა და სახელმწიფოს შორის  ურთიერთობას ეხება. ადამიანის უფლებები სწორედაც რომ აკონტროლებს და არეგულირებს  ადამიანების მიმართ სახელმწიფო ძალაუფლების გამოყენებას.  ჩემი თხოვნა იქნება, რომ მოხვიდეთ არჩევნებზე და დააფიქსიროთ თქვენი  მოსაზრება, რაც ხელს შეუწყობს  ჩვენი გუნდის ჩამოყალიბებას.  სამართლებრივი დახმარების ცენტრი იქნება ის დაწესებულება, რომელიც იზრუნებს თითოეულ ადამიანზე  და მათთვის სამართლებრივი დახმარების გაწევას შეეცდება", - ნინი ცაბუტაშვილი. 

IMG 1227
"ჩემი კანდიდატურის არჩევის შემთხვევაში, ადამიანებს გავუწევ სამართლებრივ დახმარებას, რომლის მეშვეობითაც ადამიანები გაერკვევიან თავიანთ უფლებებსა და მოვალეობებში. ჩემი მიზანია, ნებისმიერ ადამიანს მაღალპროფესიონალური დახმარება გავუწიო, რისი მეშვეობითაც ადამიანებს აღარ ექნებათ უსამართლობის განცდა, რასაც დღეს ხშირად ვაწყდებით. ყველას მოგიწოდებთ, დააფიქსირეთ თქვენი ხმა, რაც ხელს შეუწყობს ამ ცენტრის დაფუძნებას ", - დავით ძაძუა.

 

IMG 1222
"მივიჩნევ, რომ ჩემი ამჟამინდელი სტუდენტური საქმიანობა, გამოცდილება, სოციალური უნარ-ჩვევები და პიროვნული თვისებები ამ პოზიციას შეესაბამება. უკანასკნელი წლების განმავლობაში, ჩემი როგორც სტუდენტის, თეორიული თუ პრაქტიკული საქმიანობა დაკავშირებულია სამართლებრივი ცოდნის გაღრმავებასთან. მაქვს მაღალი აკადემიური მოსწრება (GPA), მონაწილეობას ვიღებდი უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ სხვადასხვა სასერტიფიკატო სასწავლო კურსში. თქვენი მხარდაჭერა ჩემთვის ერთგვარი გამოწვევა იქნება", - ნათია ახვლედიანი.

 

IMG 1223

"როგორც აკადემიურად აქტიური სტუდენტი, მივიჩნევ, რომ პარალელურად აუცილებელია პრაქტიკული ცოდნის გაღრმავებაც. ცენტრის კორდინატორის პოზიციის დაკავება იქნება საშუალება იმისთვის, რომ გამოვიყენო თეორიული ცოდნა პრაქტიკული კუთხით. გარდა ამისა, მიმაჩნია, რომ სამართლებრივი დახმარების ცენტრი არის საშუალება იმისთვის, რომ სტუდენტმა საკმაო გამოცდილება მიიღოს და შეაბიჯოს იურისტის პროფესიაში. ვეცდები ყველა თქვენგანს გავუწიო კვალიფიციური იურიდიული კონსულტანცია და სამართლებრივი დახმარება", - რუსუდან ტყეშელაშვილი.

 

IMG 1218
"ევროპის უნივერსიტეტის სამართლებრივი დახმარების ცენტრის კორდინატორის პოზიცია ჩემთვის, პირველ რიგში, არის პასუხისმგებლბა, გამოწვევა და დიდი გამოცდილება. როგორც მომავალი სამართალდამცავი, ვგრძნობ ჩემს სამოქალაქო ვალს საზოგადოების წინაშე და მაქვს სურვილი თანატოლებთან ერთად, შეძლებისდაგვარად აღმოვფხვრა მოქალაქეების დარღვეული უფლება", - ანი ჭაღიაშვილი.

 

 

IMG 1245
"როგორც სტუდენტი, მივიჩნევ, რომ ეს დრო მაქსიმალურად უნდა გამოვიყენო პრაქტიკის და გამოცდილების დაგროვების მიზნით. სწორედ ამიტომ, ვმონაწილეობ სხვადასხვა სტუდენტურ ღონისძიებაში. ცენტრის კოორდინტორის პოზიციაზე ჩემი არჩევის შემთხვევაში, შევძლებ დაგროვილი თეორიული ცოდნის პრაქტიკაში რეალიზებას და ამ გზით, სამართლებრივი კონსულტანციებისა თუ იურიდიული დახმარების უზრუნველყოფას დაინტერესებულ პირთათვის", - თათია ტრაპაიძე.

 

 

IMG 1345
"მიყვარს ჩემი საქმე, რომლის მეშვეობითაც მოქალაქეებისთვის სამართლებრივი დახმარების გაწევას შევძლებ. საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება სასარგებლო იქნება ცენტრის მთელი გუნდისათვის. ცენტრის სამომავლო საქმიანობისათვის, ძალიან მნიშვნელოვანია აქტიური ჩართულობა, მოქალაქეების სწორი და ამომწურავი ინფორმირება. ვარ საკმაოდ  თავდაჯერებული და მაქვს ყველა ის თვისება, რაც აუცილებელია ამ სფეროში საქმიანობისთვის. ჩემი არჩევის შემთხვევაში, ამ საქმიანობას დიდი ენთუზიაზმით და მონდომებით შევუდგები, რაც, თავისმხრივ, მნიშვნელოვანია კარიერული წინსვლისათვის", - ლელა ტაბატაძე.

 

IMG 1242
"მე ვარ მარი და მიმაჩნია, რომ სამართალი ყველასთვის ერთია! აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ სამართლიანობა იურისტის პირველი საფიქრალი უნდა იყოს. დაინტერესებული ვარ სტუდენტური ცხოვრებით, სწორედ ამიტომ, უფასო სამართლებრივი დახმარების შესაძლებლობა საუკეთესო საშუალებაა სამართლებრივი კონსულტაცია გავუწიო ნებისმიერ პირს და ის ცოდნა, რაც მაქვს თეორიულ დონეზე უკვე პრაქტიკაში გამოვიყენო. ჩემი მოტივაციაც სწორედ ეს არის - უზრუნველვყო სამართლებრივი დახმარება ყველასთვის. მოგიწოდებთ, მოხვიდეთ არჩევნებზე და მხარი დაუჭიროთ თქვენთვის სასურველ კანდიდატს", - მარიამ ბერიანიძე.

 

 

 

გააზიარე გვერდი: